სააგენტოს ცნობით, სამშვილდის ციტადელში ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე არქეოლოგებმა ხის ყუთში დაგროვებულ მონეტების განძს მიაგნეს. გათხრების შედეგად გამოვლენილ განძს არქეოლოგები დიდი ალბათობით განვითარებულ შუა საუკუნეებს, სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს, მიაკუთვნებენ. განძში მეფე გიორგი III-სა და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად თამარ მეფის მონეტაც იყო.
„აღმოჩენილია 270 მონეტა, რომელთაგანაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ 5 გაიწმინდა და ამ 5 მონეტიდან 3 აღმოჩნდა სამეფო მონეტა. კერძოდ, ერთი არის გიორგი III-ის, მეორე თამარ მეფის, ხოლო მესამე ლაშა-გიორგის გახლავთ. განძში მონეტების გარდა შედიოდა სპილენძის ზოდები და ფულადი ემისიისთვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ სამშვილდეში ზარაფხანა და შესაძლოა, სამეფო ზარაფხანაც კი არსებობდა“, - ამბობს პროფესორი დავით ბერიკიშვილი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. კვლევებს პროფესორი დავით ბერიკაშვილი ხელმძღვანელობს. სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი 2013 წლიდან მიმდინარეობს.